მწერლები
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“, 1883).
1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.
ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“.[2][3]
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
პროსპერ მერიმე
პროსპერ მერიმე დაიბადა 1803 წელს პარიზში, პროგრესულად მოაზროვნე ხელოვანთა ოჯახში. ის დადიოდა 1815 წლიდან ნაპოლეონ ალიას ჰენრი IV-ის სახელობის ლიცეუმში. მიუხედავად იმისა, რომ პროსპერ მერიმემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იგი იმთავითვე იყო დაინტერესებული ისტორიით, არქეოლოგიით, ხელოვნებით, განსაკუთრებით ქანდაკებით, არქიტექტურით და, აგრეთვე, თანამედროვე და კლასიკური ენებით. ცხოვრების გზის განსაზღვრაში გადამწყვეტი შეიქნა 1822 წელი, როცა 19 წლის ჭაბუკი შეხვდა მის უფროს თანამედროვეს, მომავალ მეგობარს, სტენდალს, რომლის მეშვეობით ის დაუახლოვდა პარიზის რომანტიკოს მწერალთა უმრავლესობას, მათ შორის ვიქტორ ჰიუგოს.სიცოცხლის დასასრულს იგი ხელახლა უბრუნდება მხატვრულ შემოქმედებას და წერს სამ ნოველას: „ლურჯი ოთახი", „ჟუმანი" და „ლოკისი". 1856 წლიდან მერიმე ფიზიკურად მეტად დაუძლურდა ასთმის შედეგად. 1860 წელს, 26 წლიანი სამსახურეობრივი მოვალეობის შემდეგ, მან ისტორიული ძეგლების დაცვის მთავარი ინსპექტორის თანამდებობა დათმო და 1863 წელს უარი თქვა განათლების მინისტრის თანამდებობაზე. 1870 წლის 23 სექტემბერს მწერალი გარდაიცვალა. იგი კანში რანდ ჟას სასაფლაოზეა დაკრძალული.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment